ვინ არის ნოტარიუსი
06.04.2025 - ადამიანი და კანონი
ვინ არის ნოტარიუსი
ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.
სანოტარო მოქმედება სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში. ნოტარიუსის საქმიანობა არ არის მეწარმეობა და მოგების მიღების წყარო.
ანაზღაურება, რომელსაც ნოტარიუსს უხდიან მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის, ეკუთვნის ნოტარიუსს.
ნოტარიუსი არის სამუშაოს მიმცემი თავისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებისათვის.
ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის.
ნოტარიუსის დისციპლინური პასუხისმგებლობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი).
ნოტარიუსი ვალდებულია შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოვალეობა.
ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე.
სანოტარო მოქმედებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა.
სანოტარო მოქმედების შესრულების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.