რას ნიშნავს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება?
30.06.2025 - ადამიანი და კანონი
რას ნიშნავს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება?
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოჩვენებითი და ბათილია ისეთი გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.
ხოლო, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, ეს უკვე მიიჩნევა თვალთმაქცურ გარიგებად. თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას და განსხვავდება იმით, რომ გარიგების მონაწილეებს რეალურად მისი განხორციელება სურთ.
როგორია სასამართლოს პრაქტიკა მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებასთან მიმართებით?
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკით გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოჩვენებითად ან თვალთმაქცურად თუ არ არსებობდა გარიგების მონაწილეთა ნება (სურვილი) გარიგებაში გამოხატული იურიდიული შედეგის დადგომის მიმართ.
რა განსხვავებაა მათ შორის?
განსხავება მათ შორის ისაა, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, ხოლო თვალთმაქცური გარიგების დროს გარიგების მონაწილეთა ნებას (სურვილს) წარმოადგენს დაფარონ სხვა გარიგება. მხარეების სურვილი მიმართული უნდა იყოს დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად.