რა არის და რას ითვალისწინებს ჩუქების ხელშეკრულება ?
16.04.2025 - ადამიანი და კანონი
რა არის და რას ითვალისწინებს ჩუქების ხელშეკრულება ?
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულებით, მჩუქებელი დასაჩუქრებულს უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას საკუთრებაში, მისი თანხმობით. აქედან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს უსასყიდლო, ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებას.
რა ფორმაა განსაზღვრული ჩუქების ხელშეკრულების დასადებად?
მოძრავ ნივთზე ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, ხოლო თუ საქმე ეხება უძრავ ნივთს, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ჩუქების ხელშეკრულება შესაძლებელია, დაიდოს როგორც სანოტარო წესით, ასევე მარტივი წერილობითი ფორმით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერა მოწმდება იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.
რაზეა დამოკიდებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა ?
მხარეებს შეუძლიათ, დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება, იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა). თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
ჩუქების ხელშეკრულება წარმოშობს რაიმე ვალდებულებას?
ჩუქების ვალდებულება შესაძლებელია, წარმოშვას აგრეთვე საჩუქრის დაპირებამაც. დადგენილია, რომ საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული. ჩუქების დაპირება წინარე ხელშეკრულებაა, რომელიც ავალებს პირს მომავალში ხელშეკრულების დადებას, რაც ნივთის გადაცემით განხორციელდება.
რა შემთხვევაში შეიძლება, გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება?
რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, ხელშეკრულება საქართველოს კანონმედბლობით დადგენილი წესით შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
როგორ განისაზღვრება კანონმდებლობაში შეურაცხყოფა ან უმადურობა?
კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება, ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება, გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც, შეიძლება, შეფასდეს მძიმე შეურაცხყოფად ან უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, წარმოიშვას ჩუქების გაუქმების საფუძველი. თავისთავად, „მძიმე შეურაცხყოფა“ და „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო, გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად.