რა არის პირგასამტეხლო
06.04.2025 - ადამიანი და კანონი
რა არის პირგასამტეხლო
თუ სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე არსებობს მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის რისკი, თქვენ შეგიძლიათ თქვენი მოთხოვნები უზრუნველყოთ პირგასამტეხლოს საშუალებით.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, შესრულების ვადაგადაცილების ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისთვის.
პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით, რომელიც უნდა იყოს მყარად განსაზღვრული ოდენობის. პირგასამტეხლოზე შეთანხმების ნამდვილობისთვის კანონი მხარეებს ავალდებულებს, წერილობითი ფორმით დაიდოს ხელშეკრულება.
ერთმანეთისგან განასხვავებენ პირგასამტეხლოს ორ ფორმას, ესენია: საურავი და ჯარიმა. ერთი მათგანი განკუთვნილია ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც ვალდებულების დარღვევა გამოიხატება ვადის გადაცილებაში, ხოლო მეორე სახე გამოიყენება ერთიანი თანხის ჯარიმის სახით პირგასამტეხლოს გათვალისწინების შემთხვევაში. მაგალითად, თუკი მხარე არსებითად დაარღვევს ხელშეკრულებას და ამასთანავე იგი გავა ხელშეკრულებიდან, აღნიშნულისგან თავის დასაცავად შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საგნის ღირებულების 30% ოდენობით, ან პირგასამტეხლო გამოხატული იყოს მყარი თანხით (მაგ: 5000 ლარი).
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლო ყველა მეორად მოთხოვნებთან თავსებადია და მისი გამოყენებისას მხარეს არ ევალება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცება, ვინაიდან პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არის ვალდებულების დარღვევა/არაჯეროვანი შესრულება. თუმცა ფორს-მაჟორული გარემოების დროს შესაძლოა გამოირიცხოს მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
საქართველოს კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
კანონი იძლევა პირგასამტეხლოს სრული მოცულობით მოთხოვნის შესაძლებლობას ვადაგადაცილების გამო და მასთან ერთად ვალდებულების შესრულების მოთხოვნასაც. თუმცა თუ პირგასამტეხლო გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, მასთან ერთად მხარე ვალდებულების შესრულებას ვეღარ მოითხოვს.