შესაძლებელია თუ არა საზიარო უფლების გაუქმება?

16.04.2025 - ადამიანი და კანონი

შესაძლებელია თუ არა საზიარო უფლების გაუქმება?

კანონით, თითოეულ მოწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. შესაძლებელია  საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა დადებული შეთანხმებით გამორიცხული იყოს სამუდამოდ, ან განსაზღვრული ვადით. ასეთ შემთხვევაში, თუ არსებობს პატივსადები მიზეზი, მოწილეს შეუძლია უფლების გაუქმების მოთხოვნა.

კოდექსის მიხედვით, ბათილია ისეთი შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ წესებს. მაგალითად, ბათილია შეთანხმება იმაზე, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხოს პატივსადები მიზეზის არსებობის დროსაც.

საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების გაყოფა მოწილეთა შორის კი ხდება კენჭისყრით. მაგალითად, ნატურით შიძლება დაიყოს ნედნეული, სხვადასხვა პროდუქცია. თუ მოწილეებს თანაბარი წილები აქვთ, მაშინ საგნის გაყოფისას თუ რომელი ნაწილი უნდა შეხვდეს ამა თუ იმ მოწილეს, განისაზღვრება კენჭისყრით.

მაგრამ არსებობს საგნები, რომლის ნატურით გაყოფა შეუძლებელია, მაგალითად, ავტომანქანა, ან არის შემთხვევები, როდესაც გაყოფა კანონით აკრძალულია, მაგალითად, სასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთი. ასეთ შემთხვევებში საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვით და მონაგების განაწილებით.

აღსანიშნავია, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა არ ექვემდებარება ხანდაზმულობას.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.