ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი

11.04.2025 - ადამიანი და კანონი

ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი

ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი ქართულ საკორპორაციო სამართალში განსაკუთრებით აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით, სუს-ოს მიღებული აქვს რამდენიმე გადაწყვეტილება. ეს საკმარისი შეიძლება არ იყოს ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, რამდენადაც ზოგიერთ შემთხვევაში პრაქტიკის მრავალფეროვნებაც შეიძლება ჩაითვალოს ამ საკითხის თაობაზე დოგმატური გააზრების წინაპირობად და იურიდიულ ლიტერატურაში სხვადასხვა თეორიულ-პრაქტიკული ხასიათის გადაწყვეტის მიღების საფუძვლად. აღნიშნული თემა, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების საკორპორაციო სამართლისაგან განსხვავებით, საკმაოდ ახალია ქართული სამართლისთვის. საქართველოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იურიდიული ლიტერატურა არც თუ ისე ბევრია. თუ არ გავითვალისწინებთ პროფესორ ჭანტურიას 2006 წლის მონოგრაფიას, რომელიც სწორედ ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობას ეძღვნება საკორპორაციო სამართალში, ძირეული გამოკვლევა წინამდებარე თემის თაობაზე, თანაც შედარებითსამართლებრივ პერსპექტივაში, უახლოეს წარსულში არც გაკეთებულა. შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნებოდა მსგავს საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მეცნიერული პასაჟის ჩამოყალიბება, რაც შეიძლება წაადგეს ქართულ იურიდიულ ლიტერატურას და გაამდიდროს ქართველ იურისტთა შემეცნების დიაპაზონი.

დღევანდელ რეალობაში ხშირია ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელშიც ხელმძღვანელი პირის (დირექტორის) არამართლზომიერი ქმედებით გამოწვეულია ზიანი. ზიანი ძირითადად მატერიალურ-ქონებრივ ზარალში გამოიხატება, რომლის შემდეგაც პრაქტიკულად შეუძლებელია მესამე პირმა სამეწარმეო საზოგადოების ქონებიდან დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა, რამდენადაც უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული იურიდიული პირი კრედიტუუნაროა და უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია ქონების არარსებობის გამო. თუმცა მსგავს მდგომარეობაში მესამე პირის ინტერესი – დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა, აინაზღაუროს ზიანი – შეიძლება იგნორირებულ იქნეს იმით, რომ საზოგადოების ლიკვიდაცია და რეესტრიდან ამოშლა არ არის კრედიტორის ქონებრივი რეაბილიტაციის ელემენტი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დირექტორის პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს ამხანაგური ტიპის საზოგადოებისა და კაპიტალური ტიპის საზოგადოების სამართალში. ამას თავად პერსონალური და კაპიტალური სამართლებრივი ფორმის დიქოტომია განაპირობებს, რომელიც მკაცრად ჩამოყალიბებულ ტიპოლოგიურ ბუნებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. განსხვავებით კაპიტალისტური სამეწარმეო ფორმისაგან, ამხანაგური ტიპის საზოგადოებაში, სადაც კორპორაციული მოსასხამის დოქტრინა არ მოქმედებს, კრედიტორი საზოგადოების ქონების დანაკლისის ან საერთოდ არარსებობის პირობებშიც კი იკმაყოფილებს თავის მოთხოვნას პირდაპირ და უშუალოდ საზოგადოების პარტნიორის ქონების ხარჯზე, მაშინ, როდესაც ეს, გარკვეული გამონაკლისის გარდა, წარმოუდგენელია კაპიტალურ საზოგადოებაში. თავად კაპიტალური საზოგადოების სამართლებრივ ფორმებშიც კი სახვადასხვანაირად შეიძლება წარმოჩინდეს ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის დიაგრამა და იგი განსხვავებული იყოს შპს-ისა და სს-ის სამართლებრივ ფორმაში, თუკი გათვალისწინებული იქნება თითოეული სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციული ფორმის დამოუკიდებლობა და, რაღა თქმა უნდა, სპეციფიკური მოწესრიგების თავისებურება. საქართველოში ორგანიზაციული ეკნომიკის მამოძრავებელ ძალას შპს-ის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა წარმოადგენს. სასამართლო პრაქტიკაც, ძირითადად, სწორედ შპს-ას შეეხება.1 ამდენად, აღნიშნულ სტატიაშიც ყურადღება სწორედ შპს-ში დირექტორის პასუხისმგებლობის სამართლებრივ საკითხზე გამახვილდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ კრედიტორის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა ან მისი სრულად ვერდაკმაყოფილების რისკი, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, არ გახლავთ აპრიორი თავად შპს-ის საქმიანობის რენტაბელობის წინაპირობა. ხშირად ხელმძღვანელის არამართლზომიერი ქმედება საზოგადოების მიზნის შემდგომ მიღწევას ხდის შეუძლებელს. ამიტომ კომპანიისთვის და მისი პარტნიორისთვის ხელმძღვანელის მხრიდან ზიანის ანაზღაურება თავად საზოგადოების, როგორც სოციალური კეთილდღეობის შექმნაზე ორიენტირებული წარმონაქმნის რეაბილიტაციის საფუძველია.